JW subtitle extractor

ხელმძღვანელი საბჭოს 2026 წლის 1-ელი ანგარიში

Video Other languages Share text Share link Show times

მოგესალმებით!
ამ ანგარიშში ვისაუბრებთ, როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ
ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად
წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.
მანამდე რამდენიმე სიახლეს გაგაცნობთ.
წინა ანგარიშის შემდეგ
კიდევ 3 სპეციალური კონგრესი ჩატარდა.
2025 წლის 26–28 დეკემბრის ჩათვლით
ჯაკარტაში, ინდონეზიაში, სპეციალური კონგრესი უკვე მეორედ ჩატარდა.
იმავე კვირაში კონგრესი ტოგოს დედაქალაქში, ლომეშიც, გაიმართა.
ხოლო 2026 წლის 9–11 იანვრის ჩათვლით
ახალ ზელანდიაში, ოკლენდშიც, ჩატარდა.
ეს იყო ყველაზე მასშტაბური კონგრესი,
რაც კი ახალ ზელანდიაში ჩატარებულა.
თითქმის 50 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა,
როცა ქვეყნის ყველა მაუწყებელი ერთ ადგილას შეიკრიბა.
იქ მომუშავე პერსონალიც კმაყოფილი იყო.
როგორც მათ თქვეს, მოწმეები მზად იყვნენ, ბევრ რამეში დახმარებოდნენ.
ისიც აღნიშნეს, რომ მანამდე მსგავსი არაფერი უნახავთ.
ჩვენი თანაქრისტიანები მათ გულთბილად ესალმებოდნენ.
ამიტომაც თვალით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
ისიც კი ინატრეს, რომ სხვა დამქირავებლებიც
ასეთივე კარგები ყოფილიყვნენ.
ინდონეზიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა:
იეჰოვას მოწმეები ორგანიზებული ხალხია.
ვხედავ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები,
როგორი სიყვარულით ეპყრობიან ერთმანეთს.
ყველანი იღიმიან და ბედნიერები არიან.
ტოგოში სტადიონის დირექტორი აღფრთოვანებული იყო იმით,
თუ როგორ იყო დაგეგმილი ეს კონგრესი.
მან თქვა:
მგონი, ცუდი აზრი არ არის, რომ მეც მოვინათლო
და იეჰოვას მოწმე გავხდე.
მთლიანობაში ამ კონგრესებზე დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი იყო 68 178.
8 000-ზე მეტი დელეგატი 32 ქვეყნიდან იყო მიწვეული.
ძალიან გვიხარია, რომ 703 ადამიანი მოინათლა.
ეს იყო ბოლო სპეციალური კონგრესები.
ალბათ გახსოვთ, რომ 2026 წლიდან
ამ კონგრესებს სახელი შეეცვლება
და მას მოვიხსენიებთ საერთაშორისო კონგრესებად.
პირველი სამი კონგრესი ამა წლის ივნისში არის დაგეგმილი.
1 იანვარს 50 წელი შესრულდა მას შემდეგ,
რაც ორგანიზაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა.
წიგნში „მაუწყებლები“ ნათქვამია,
რომ ხელმძღვანელმა საბჭომ ერთხმად მოიწონა თანამედროვე ისტორიაში
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციული ცვლილება.
რას ვგულისხმობთ?
ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა,
რომ ჩამოეყალიბებინა 6 კომიტეტი:
კადრების, საგამომცემლო, სამსახურებრივი,
სასწავლო, სამწერლო და კოორდინატორთა კომიტეტები.
აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით
სწორედ ეს 6 კომიტეტი ხელმძღვანელობს.
1976 წლის 1 თებერვალს
ანუ ამ ცვლილებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ
ხელმძღვანელმა საბჭომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო.
შეიქმნა ფილიალის კომიტეტები, სადაც სამი
ან მეტი გამოცდილი უხუცესი იმსახურებდა.
მანამდე ფილიალის ტერიტორიაზე სამქადაგებლო საქმეს
მხოლოდ ერთი ძმა, ფილიალის მსახური, უწევდა ზედამხედველობას.
იეჰოვამ აკურთხა კიდეც ეს გადაწყვეტილებები.
1976 წელს მხოლოდ 2 მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე იყო.
მაგრამ ახლა, 50 წლის შემდეგ, მაუწყებელთა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა.
ჩვენ ნამდვილად ვემადლიერებით კრების თავს,
იესოს, რომ გვხელმძღვანელობს.
ის წინ მიუძღვის სამქადაგებლო საქმეს და მხარს უჭერს ხელმძღვანელ საბჭოს,
რომ სასიხარულო ცნობა სულ უფრო მეტმა მოისმინოს.
ახლახან სპეციალური კამპანია გვქონდა,
რომლის დროსაც ვავრცელებდით ჟურნალს
სახელწოდებით „ვინ დაასრულებს ომებს?“.
როგორც ანგარიშებიდან შევიტყვეთ,
მთელ მსოფლიოში და-ძმებს არაერთი კარგი შემთხვევა ჰქონდათ.
ამ ჟურნალში მოცემულმა ინფორმაციამ ბევრი ანუგეშა.
აშკარაა, რომ ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი ჟურნალები
თავის მიზანს აღწევს.
როგორც ვიცით, წლის განმავლობაში მსახურებაში ვიყენებთ
ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ 3 „საგუშაგო კოშკს“
და 3 „გამოიღვიძეთ!“-ს.
ეს ჟურნალები დიდ დახმარებას გვიწევს,
რომ მსახურებაში საუბრის წამოწყება შევძლოთ
და ბიბლიის შესწავლები დავიწყოთ.
იანვარსა და თებერვალში ჩვენ გამოვიყენებთ
ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ „საგუშაგო კოშკს“
სახელწოდებით „ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“.
ამდენი პრობლემების ფონზე კარგი საკითხია სასაუბროდ.
დიდი სიამოვნებით გამოვიყენებთ ამ ჟურნალს მსახურებაში.
ჟურნალები, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება თქვენს დარბაზში.
2021 წელს გამოიცა ახალი წიგნი
„იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.
იქიდან მოყოლებული ერთ მილიონზე მეტი ადამიანი მოინათლა.
იესოს წინასწარმეტყველება სრულდება და ბევრი ეხმაურება სასიხარულო ცნობას.
უდავოა, ყველას გვინდა, ბიბლიის შესწავლაში დავეხმაროთ მათ,
ვისაც ჭეშმარიტების გაგება სურთ.
მაგრამ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს სახელმძღვანელო,
რომ ბიბლიის შესწავლის პროცესმა თავის მიზანს მიაღწიოს?
იმავე წელს ხელმისაწვდომი გახდა ბლანკი S-196.
მისი სათაურია: „გამოიყენეთ მსახურებაში „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.
გარდა ამისა, გამოიცა ბროშურა
„გიყვარდეთ ადამიანები – მოამზადეთ მოწაფეები“,
რომელშიც პრაქტიკული რჩევებია მოცემული.
მესამე დანართს ასეთი სათაური აქვს:
როგორ ჩავატაროთ შესწავლები წიგნით „იხარე ცხოვრებით მარადიულად!“.
დროდადრო შუა კვირის შეხვედრებზე და სასწავლო სტატიებშიც განვიხილავთ,
როგორ გამოვიყენოთ უფრო ეფექტიანად ეს სახელმძღვანელო.
ამ პერიოდში გარკვეული გამოცდილება მივიღეთ,
უკეთ როგორ ვისარგებლოთ ამ წიგნით
და ისიც დავინახეთ, რა გავაუმჯობესოთ.
ამიტომ ახლა გვინდა, რამდენიმე ახალი მიდგომა გაგიზიაროთ,
რაც შესწავლის პროცესში გამოგვადგება.
ოთხ მხარეზე ვისაუბროთ:
პირველი, რა რაოდენობის მასალა უნდა განვიხილოთ ყოველკვირა?
მეორე, ყველა ვიდეო უნდა ვაჩვენოთ შემსწავლელს?
მესამე, როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩარჩო „გაიგეთ მეტი“?
და მეოთხე, როგორ მოვარგოთ მასალა შემსწავლელის საჭიროებებს?
პირველი, რა რაოდენობის მასალა უნდა განვიხილოთ ყოველკვირა?
თუ ეს შესაძლებელია, მიზნად დაისახეთ,
რომ კვირაში ერთი გაკვეთილი განიხილოთ.
თუმცა, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია შემსწავლელის გარემოებები.
შესავალ აბზაცებს დიდ დროს ნუ დაუთმობთ.
ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ერთჯერზე
მთლიანი გაკვეთილის განხილვა შეძლოთ.
გახსოვდეთ, რომ პირველი ნაწილი უბრალოდ შესავალია.
ის, ასე ვთქვათ, აპეტაიზერს ჰგავს, სანამ მთავარი კერძი მოვა.
ასე რომ, ძალიან მოკლედ მიმოიხილეთ შესავალი აბზაცები.
კონკრეტულად რა გავაკეთოთ?
ბიბლიის შემსწავლელებს ვუთხრათ, რომ შეუძლიათ
თავად წაიკითხონ შესავალი აბზაცები მომზადების დროს.
ამ შემთხვევაში საჭირო აღარ იქნება,
შესწავლის დროსაც წაიკითხოთ აბზაცები.
უბრალოდ შეგიძლიათ იმსჯელოთ მოცემულ შეკითხვებზე
და წაიკითხოთ წასაკითხი ბიბლიური მუხლები.
ასე უფრო მეტ დროს დაუთმობთ შემდეგი ნაწილის განხილვას.
მეორე ნაწილში „გაიღრმავეთ ცოდნა“ მოცემულია ვიდეორგოლები.
მოდი ახლა მეორე კითხვას ვუპასუხოთ.
ყველა ვიდეო უნდა ვაჩვენოთ შემსწავლელს?
აქამდე, როგორც წესი, ყველა ვიდეოს ვაჩვენებდით.
თუმცა გვინდა, გითხრათ, რომ სავალდებულო აღარაა,
ყველა ვიდეო ვაჩვენოთ შემსწავლელს.
თუ ვხედავთ, რომ ზოგი ვიდეო არ ეხება ჩვენ შემსწავლელს,
შეგვიძლია არ ჩავრთოთ ის.
სიმართლე რომ ვთქვათ, თუ გაკვეთილში მოცემულ ყველა ვიდეოს ვაჩვენებთ,
ვერ შევძლებთ ერთჯერზე თავიდან ბოლომდე განვიხილოთ გაკვეთილი.
შემსწავლელმა შეიძლება ინტერესი დაკარგოს,
თუ ერთი და იგივე საკითხზე დიდხანს იმსჯელებთ.
ასე რომ, როცა შესწავლისთვის მოვემზადებით, კარგი იქნება,
ვილოცოთ და დავფიქრდეთ შემსწავლელზე,
რომელი ვიდეო გამოადგება მას
და რომლის ჩვენება საერთოდ არ ღირს.
ზოგ ტერიტორიაზე მაუწყებლებს ინტერნეტი არ აქვთ,
რის გამოც ვერ იყენებენ ვიდეორგოლებს.
თუ ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა, არ ინერვიულოთ იმაზე,
თუ ვერ რთავთ ვიდეოებს.
უბრალოდ მათ გარეშე განიხილეთ გაკვეთილი;
მოცემულ ტექსტზე გააკეთეთ აქცენტი.
გახსოვდეთ, ჩვენი მიზანია, ხალხს ბიბლია ვასწავლოთ.
ამიტომ, თუ წიგნში მოცემულ ინფორმაციაზე და თანდართულ მუხლებზე ვიმსჯელებთ,
შევძლებთ, რომ მათ იეჰოვა გავაცნოთ;
თუნდაც ვიდეოების გარეშე.
მესამე საკითხს შევეხოთ: როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩარჩო „გაიგეთ მეტი“?
შესწავლის დროს არ არის აუცილებელი, რომ ეს ნაწილი განვიხილოთ.
ამ ნაწილში დამატებითი მასალაა მოცემული,
რომელიც შემსწავლას ეხმარება,
ზოგიერთ თავის კითხვაზე პასუხები იპოვოს.
ჩვენ შეგვიძლია, შემსწავლელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ვურჩიოთ,
რომელი სტატია წაიკითხოს ან რომელ ვიდეოს უყუროს.
რაც შეეხება მეოთხე კითხვას,
როგორ მოვარგოთ მასალა შემსწავლელის საჭიროებებს?
ეს წიგნი ისეა შედგენილი, რომ მარტივად
და ლოგიკურად ხსნის ბიბლიურ ჭეშმარიტებას.
ამიტომ კარგი იქნება, თუ თანმიმდევრობით განვიხილავთ მოცემულ გაკვეთილებს.
თუმცა ეს ყოველთვის სავალდებულო არაა.
ზოგჯერ უმჯობესია, განვლილ მასალას ისევ მივუბრუნდეთ.
ან კიდევ ის გაკვეთილი განვიხილოთ,
რომელიც მოცემულ მომენტში შემსწავლელს სჭირდება.
მაგალითად, როგორ მოვიქცევით, თუ ჩვენ შემსწავლელს საყვარელი ადამიანი დაეღუპა?
სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება გადავწყვიტოთ 29-ე გაკვეთილის განხილვა
„რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“:
ამის შემდეგ კი იქიდან შეგიძლიათ განაგრძოთ განხილვა, სადაც გაჩერდით.
ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენს შემსწავლელთან
კონკრეტული გაკვეთილი არ განვიხილოთ.
მაგალითად, მისი კულტურიდან თუ ჩვეულებებიდან გამომდინარე გადავწყვიტოთ,
რომ ზოგიერთ საკითხზე არ ვიმსჯელოთ.
ასეთ სიტუაციაში არაფერი დაშავდება,
თუ გამოვტოვებთ ამა თუ იმ გაკვეთილს.
ესე იგი, მთავარი ისაა, რომ მოვერგოთ შემსწავლელის საჭიროებებს.
მოციქული პავლეც ზუსტად ასე იქცეოდა.
გახსოვთ, რა თქვა მან 1 კორინთელების მე-9 თავში?
მე-20 მუხლიდან დავიწყოთ კითხვა:
„იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა;
კანონს დაქვემდებარებულთათვის კანონს დაქვემდებარებული გავხდი,
თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული,
რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა;
კანონის უქონელთათვის კანონის უქონელი გავხდი,
თუმცა ღვთის კანონის უქონელი არ ვარ,
რადგან ქრისტეს კანონს ვექვემდებარები,
რათა კანონის უქონელნი შემეძინა;
სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა;
ყველასთვის ყველაფერი გავხდი,
რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი“.
ახლა კიდევ ერთი კითხვა დავსვათ და ვიმსჯელოთ ამ საკითხზე.
რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში,
თუკი შემსწავლელი წიგნის დასრულებამდე გადაწყვეტს ნათლობას?
ამაზე გვპასუხობს კოლოსელების 2:6, 7.
აქ მოციქული პავლე აღნიშნავს,
თუ რა მოეთხოვება ყველა მონათლულ ქრისტიანს.
„როგორც ირწმუნეთ ქრისტე იესო, ჩვენი უფალი,
კვლავაც ისე იარეთ მასთან ერთობაში,
ღრმად გაიდგით ფესვი, მის საძირკველზე დაფუძნდით
და განიმტკიცეთ რწმენა,
როგორც გისწავლიათ კიდეც. ამასთანავე,
ყოველთვის მადლობდეთ ღმერთს“.
გვინდა, ჩვენს შემსწავლელს მტკიცე რწმენა ჰქონდეს.
ასე რომ, როგორ მოვიქცეთ, თუ ბიბლიის შემსწავლელი
წიგნის დასრულებამდე მოინათლება?
კარგი იქნება, თუ გავაგრძელებთ ბიბლიის შესწავლას
და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
ეს მას დაეხმარება, უფრო მეტად დაუახლოვდეს იეჰოვას.
ბოლოს ამ საკითხსაც შევეხოთ:
როგორც ვიცით, მაუწყებლებს უკვე აღარ მოეთხოვებათ
ანგარიშის ჩაბარების დროს საათების მითითება.
მაგრამ ეს არ ეხება ბიბლიის შესწავლების რაოდენობას.
ამიტომ არ დაგავიწყდეთ ანგარიშის ჩაბარების დროს მათი მითითება.
ახალი მიდგომები, რომელიც ამ ანგარიშში განვიხილეთ;
დაეხმარება შემსწავლელს, რომ სწრაფად გაიზარდოს სულიერად
და შესწავლის პროცესითაც ისიამოვნოს.
დღეს დავინახეთ, რომ კონგრესებზე ღვთის ხალხი
იეჰოვას გაერთიანებულად სცემს თაყვანს.
იმაზეც ვიმსჯელეთ, თუ რა კარგი შედეგები მოაქვს
ორგანიზაციაში მომხდარ ამა თუ იმ ცვლილებას.
გარდა ამისა, დავინახეთ, როგორ გამოვიყენოთ უკეთესად
შესწავლების დროს წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“
გავიგეთ, რომ მასალა მოსწავლის საჭიროებებს უნდა მოვარგოთ
და ერთი გაკვეთილი განვიხილოთ.
თუ გამოვიყენებთ ამ რჩევებს,
მოწაფეების მომზადებაც მეტ სიხარულს მოგვანიჭებს.
მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გაშინებთ ბიბლიის შესწავლების ჩატარება?
გახსოვდეთ ფილიპელების 2:13-ში ჩაწერილი სიტყვები:
„ღმერთი თავისი ნებისამებრ მოქმედებს თქვენში;
ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ“.
სთხოვეთ იეჰოვას, რომ სურვილიც აღგიძრათ
და მოქმედების ძალაც მოგცეთ, რომ შესწავლები ჩაატაროთ.
ყოველი კარგი ძღვენი და სრულყოფილი საბოძვარი იეჰოვასგანაა.
ამიტომ გჯეროდეთ, იეჰოვა საოცრად უპასუხებს თქვენს ლოცვებს.
ძვირფასო და-ძმებო, ყველანი ძალიან გვიყვარხართ
და ვაფასებთ თითოეული თქვენგანის შრომას!
ეს იყო jw მაუწყებლობა იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან.