JW subtitle extractor

ჰერმანუს ვან სელმი: რა არის ნამდვილი მონანიება? (დაბ. 44:16)

Video Other languages Share text Share link Show times

დღევანდელი დღის მუხლის კომენტარში
იაკობის ვაჟზე იოსებზეა საუბარი.
ბიბლიაში ჩაწერილი მისი ისტორიიდან
კარგად ვხედავთ, რას ნიშნავს მონანიება.
მოდი დღეს ასეთ კითხვებზე ვიმსჯელოთ:
რა არის ნამდვილი მონანიება?
და როგორ აჯილდოვებს იეჰოვა მათ,
ვინც მთელი გულით ინანიებს?
გულწრფელი მონანიებისთვის
ორი რამ არის საჭირო:
პირველი, ადამიანმა უნდა აღიაროს,
რომ შეცდომა დაუშვა
და მეორე, საქმეებით დაამტკიცოს,
რომ შეიცვალა.
მოდი ვიმსჯელოთ, როგორ გამოჩნდა
ეს ორი მხარე იოსების ისტორიიდან.
განვიხილოთ რამდენიმე მომენტი.
იაკობს თავისი ვაჟებიდან
ყველაზე მეტად იოსები უყვარდა.
მაგრამ როგორი იყო ძმების დამოკიდებულება მის მიმართ?
დაბადების 37-ე თავის სამი მონაკვეთიდან კარგად ჩანს,
რომ იოსების ძმებს სძულდათ ის.
ერთხელ, იოსებს თავის ძმებთან ერთად მარტო მოუწია ყოფნა,
თანაც სახლიდან და მამისგან მოშორებით.
იოსების ძმებმა სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს
და ის ჭაში ჩააგდეს.
ჩანდა, როგორ სძულდათ თავიანთი ძმა.
მოგვიანებით, იუდამ ძმებს მისი მონად გაყიდვა შესთავაზა.
იმ დროს იოსები სულ რაღაც 17 წლის ყმაწვილი იყო.
იოსები ეგვიპტეში მონაც იყო,
პატიმარიც და ძლევამოსილი მმართველიც.
ახლა მასზე, როგორც მმართველზე, ისე ვისაუბროთ.
იმ დროს იაკობი ოჯახთან ერთად ქანაანის მიწაზე ცხოვრობდა.
იქ შიმშილობა მძვინვარებდა.
ამიტომ იაკობმა თავისი ვაჟები
საკვების საყიდლად ეგვიპტეში გაგზავნა.
იოსებმა ძმები დანახვისთანავე იცნო,
მაგრამ ამას ძმებზე ვერ ვიტყვით,
მათ ვერ იცნეს ის.
ძმებს იოსებთან მისვლა კიდევ ორჯერ მოუწიათ,
თუმცა ისინი კიდევ ვერ ხვდებოდნენ, ვინ იდგა მათ წინ.
როცა იოსებმა ისინი დაინახა, ძალიან დამწუხრდა.
რა რეაქცია ჰქონდა იოსებს, როცა პირველად შეხვდა ძმებს?
ის ატირდა.
მეორედ როგორი რეაქცია ჰქონდა?
მეორედაც ატირდა.
მესამე ჯერზე რა გრძნობა დაეუფლა?
ამჯერადაც ატირდა.
როგორც ვხედავთ, ძმების დანახვაზე იოსებმა
ემოციები ვერ შეიკავა.
იოსებს აინტერესებდა,
მართლა ნანობდნენ თუ არა ჩადენილს ძმები.
როგორც აღვნიშნეთ,
ნამდვილი მონანიებისთვის ორი რამაა საჭირო,
ჯერ უნდა აღიარო შეცდომა.
ძმებმა თუ აღიარეს რომ შეცდნენ?
როგორც დაბადების 42:21-დან ჩანს, ასეც მოხდა.
მოდი წავიკითხოთ, 21-ე მუხლში რა თქვეს იოსების ძმებმა:
„ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
„ნამდვილად ჩვენი ძმის გამო ვისჯებით...“
რა თქმა უნდა, აქ იოსებს გულისხმობენ.
მერე დააკვირდით, რას ამბობენ:
„როგორი სულგამწარებული გვთხოვდა, შემიბრალეთო,
მაგრამ ჩვენ არ შევიბრალეთ.
ამიტომაც დაგვატყდა თავს ეს უბედურება“.
ამ სიტყვებით სინანული გამოხატეს.
მათ ის გააკეთეს, რაც მონანიებისთვისაა საჭირო,
აღიარეს თავიანთი დანაშაული.
მონანიებისთვის საჭირო მეორე ნაბიჯი თუ გადადგეს?
შეიცვალნენ? თუ ისევ ისეთები დარჩნენ?
როგორ გაიგებდა იოსები,
რომ ნამდვილად შეიცვალნენ თავისი ძმები?
შეიძლება გახსოვთ კიდეც,
რომ იოსებმა ამის გასარკვევად
საკმაოდ გონივრული გეგმა დასახა.
რა თქმა უნდა, ის დროს უკან ვერ დააბრუნებდა,
მაგრამ შეეძლო ახლა შეექმნა ისეთი სიტუაცია,
რითაც დაინახავდა,
იმავეს გაიმეორებდნენ თუ არა ძმები.
საინტერესოა, მაინც რა გააკეთა იოსებმა?
მან პირობა წაუყენა მათ:
ეგვიპტიდან წასვლას იმ შემთხვევაში შეძლებდნენ,
თუ იაკობის უმცროს ვაჟს ჩაუყვანდნენ,
რომელიც მისი მონა და მსახური გახდებოდა ეგვიპტეში.
მან დაახლოებით 20 წლის წინანდელი სცენა გაითამაშა
და მოითხოვა, მამისგან ის წამოეყვანათ,
ვინც ყველაზე მეტად უყვარდა მას.
იოსების გეგმის გამო ძმები იძულებულები გახდნენ,
რომ ბენიამინი ეგვიპტეში ჩაეყვანათ.
რატომ მაინცდამაინც ის?
იაკობს თავისი ვაჟი ბენიამინი გამორჩეულად უყვარდა.
სწორედ ისეთივე გრძნობები ჰქონდა,
როგორიც იოსების მიმართ.
ამ გეგმის მიხედვით
ბენიამინსაც იგივე გზა უნდა გაევლო,
რაც ერთ დროს იოსებმა გაიარა.
ეს ათი ძმა როგორც მოექცეოდა ბენიამინს,
იოსებს დაანახებდა,
მართლა მოინანიეს და შეიცვალნენ თუ არა,
ისევ ისეთები ხომ არ იყვნენ.
თუმცა იოსების გეგმაში კიდევ რაღაც შედიოდა.
სანამ ძმები ქანაანში დაბრუნდებოდნენ,
იოსებმა მსახურს დაავალა,
რომ ბენიამინის ტომარაში ვერცხლის სასმისი ჩაედო.
შუა გზაში იოსებმა სახლის გამგებელი დააწია მათ
და ყველა ძმის ტომარა შეამოწმებინა.
წარმოიდგენეთ, როგორ შეშინდნენ ძმები,
როცა დაინახეს, რომ სასმისი ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა.
ახლა ისევ ეგვიპტის მმართველთან მოუწევდათ დაბრუნება,
მაგრამ რით გაიმართლებდნენ თავს?
ერთიც რომ გავიხსენოთ.
დაახლოებით 20 წლის წინ
ვინ შესთავაზა ძმებს, რომ იოსები მონად გაეყიდათ?
ეს მათი ერთ-ერთი ძმა იუდა იყო.
ვინ დაარწმუნა იაკობი,
რომ ბენიამინი ეგვიპტეში გაეშვა?
ალბათ გახსოვთ, იუდამ.
ამ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა იუდა?
თავის თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა
და ძმების ნაცვლად იოსებს ის დაელაპარაკა.
იუდას სიტყვებს დაბადების 44:16-ში ვკითხულობთ:
„რაღა ვუპასუხოთ ჩვენს ბატონს?!
რა ვთქვათ, რით ვიმართლოთ თავი?!
ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოააშკარავა შენი მონების დანაშაული.
ჩვენი ბატონის მონები ვართ ჩვენც და ისიც,
ვისაც სასმისი აღმოაჩნდა!“.
კარგად ვხედავთ, რას აკეთებს ახლა იუდა.
ფაქტობრივად, ის მზადყოფნას გამოთქვამს,
რომ ბენიამინთან ერთად სხვებიც მონად ჩაბარდნენ.
მაგრამ იოსების გეგმაში ეს არ შედიოდა.
ნახეთ, რას პასუხობს იოსები იუდას დაბადების 44:17-ში:
„არა, ასე არ გამოვა!
[ანუ ის არ თანხმდება იუდა შემოთავაზებას]
ჩემი მონა ის გახდება, ვისაც სასმისი აღმოაჩნდა,
დანარჩენები კი მშვიდობით წადით მამათქვენთან“.
იოსები იუდას და დანარჩენ ცხრა ძმას იმის შანსს აძლევს,
რომ სახლში დაბრუნდნენ,
მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ბენიამინს მონად დაუტოვებენ.
სწორედ ამ მომენტში, იუდა გამბედაობას იკრებს,
ეწინააღმდეგება ეგვიპტის მმართველს.
ის ყველაზე გრძელ სიტყვას წარმოთქვამს,
რომელსაც დაბადების წიგნში ვკითხულობთ.
მოდი მისი ბოლო სიტყვები წავიკითხოთ
და გავიგოთ, რა უთხრა იოსებს.
დაბადების 44:33, 34:
„გთხოვ, ჩემო ბატონო,
ამ ყმაწვილის ნაცვლად მე გავხდები შენი მონა,
რათა ის თავის ძმებთან ერთად დაბრუნდეს“.
წარმოიდგინეთ, თავად არის მონობისთვის მზად.
შემდეგ ის ამბობს:
„როგორ დავბრუნდე მამაჩემთან ამ ყმაწვილის გარეშე
და როგორ ვუყურო მამაჩემის უბედურებას?!“.
ფაქტობრივად, ამ სიტყვებით იუდამ მზადყოფნა გამოხატა,
რომ ბენიამინის ნაცვლად თავად გამხდარიყო მონა.
იუდამ აჩვენა, რომ ის ისეთი აღარ იყო, როგორიც 22 წლის წინ.
ის შეიცვალა.
ჩანდა, რომ გულწრფელად ნანობდა ჩადენილს.
იოსებმა გადაწყვიტა, ძმები აღარ გამოეცადა
და მათ თავისი ვინაობა გაუმჟღავნა.
რას ვსწავლობთ ამ ამაღელვებელი მაგალითიდან?
რას ვხედავთ, როგორი დამოკიდებულება აქვს იეჰოვას?
როგორ ექცევა მათ, ვინც გულწრფელად ინანიებს?
იეჰოვამ დაინახა იუდას გული,
რომ ის გულწრფელად ნანობდა და დააჯილდოვა კიდეც –
ის მესიის წინაპარი გახდა.
ეს გულწრფელი მონანიების მართლაც შესანიშნავი მაგალითია.
ჩვენზე რას ვიტყვით?
ყველა ვუშვებთ შეცდომებს,
ყველას გვჭირდება იეჰოვასგან პატიება.
ძალიან მანუგეშებელია იმის ცოდნა,
რომ იეჰოვა სრულად გვპატიობს შეცდომებს.
თუმცა მან რომ გვაპატიოს, უნდა ვაღიაროთ,
რომ შეცდომა დავუშვით
და საქმეებით დავამტკიცოთ, რომ მართლა შევიცვალეთ.