JW subtitle extractor

2026 წლის გახსენების საღამოს სპეციალური პროგრამა – მარკ სანდერსონი: „მცირე სამწყსო“ და „სხვა ცხვარი“ სიყვარულით გაერთიანებულნი

Video Other languages Share text Share link Show times

ძალიან გვიხარია, რომ ერთად ავღნიშნავთ
წლის ამ ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ დღეს,
ჩვენი უფლისა და მხსნელის,
იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.
სადაც არ უნდა იყოთ
და რაც არ უნდა ხდებოდეს თქვენ გარშემო,
სიხარულის მიზეზი ნამდვილად გაქვთ,
რადგან დღეს გახსენების საღამოზე იმ ხალხს შორის იქნებით,
ვინც კიდევ ერთხელ დაფიქრდება,
თუ რამხელა სიყვარული გამოიჩინეს იეჰოვამ და იესომ კაცობრიობის მიმართ.
ახლა კი მოდი
წავიკითხოთ დღევანდელი დღის მუხლი.
ამისთვის ვთხოვოთ კრისტოფერ მეივორს.
ხუთშაბათი, 2 აპრილი
„ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ,
რადგან მამათქვენმა თქვენთვის მოისურვა სამეფოს მოცემა“.
ლუკას 12:32.
დღევანდელი მუხლი სულ რამდენიმე სიტყვისგან შედგება,
თუმცა საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ატარებს.
იესომ ამ სიტყვებით მცირე სამწყსოს მიმართა.
ასე რომ, ამ თემაში
გვინდა9 ვუპასუხოთ ხუთ შეკითხვას,
რომლებიც მცირე სამწყსოს ეხება.
პირველი, ვის ეწოდება „მცირე სამწყსო“?
თავად იესოს სიტყვებიდან შეგვიძლია გავიგოთ ამაზე პასუხი
ლუკას 12:32-ში. აქ ის ამბობს:
„ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ,
რადგან მამათქვენმა თქვენთვის მოისურვა სამეფოს მოცემა“.
აშკარაა, რომ იესო ამ მუხლში იმ ადამიანებზე საუბრობდა,
ვინც მასთან ერთად იმმართველებდა ზეციერ სამეფოში.
რატომ უწოდა მათ „მცირე სამწყსო“?
გამოცხადების მე-5 თავში
მათ შესახებ ვკითხულობთ,
ვინც იესოსთან ერთად იმმართველებს.
მოდი ვნახოთ მე-9 და მე-10 მუხლები:
„ისინი ახალ სიმღერას მღეროდნენ: „შენ ღირსი ხარ,
რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები,
რადგან დაგკლეს
და საკუთარი სისხლით გამოისყიდე ადამიანები ღვთისთვის
ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან,
და ჩვენი ღვთის მსახურებად,
მეფეებად და მღვდლებად აქციე;
ისინი იქნებიან დედამიწის მმართველები“.
მე-9 მუხლიდან ნათლად ვხედავთ,
რომ იესომ თავისი მსხვერპლით
ადამიანები იეჰოვასთვის გამოისყიდა ყოველი ტომიდან,
ენიდან, ხალხიდან და ერიდან.
მე-10 მუხლიდან კი ვიგებთ,
რომ ისინი იქნებოდნენ მღვდლები და მეფეები
და დედამიწაზე იმმართველებდნენ.
მაგრამ ეს მაინც არ პასუხობს კითხვას,
რატომ უწოდა იესო მათ „მცირე სამწყსო“?
გამოცხადების მე-14 თავში
იმავე ჯგუფზეა საუბარი,
რომელიც დედამიწიდანაა ნაყიდი,
რომ იესოსთან ერთად იმმართველოს.
მაგრამ მე-14 თავში
ყურადღება მახვილდება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე.
მოდი მოვძებნოთ გამოცხადების 14:1, 3.
„გავიხედე და დავინახე,
რომ კრავი სიონის მთაზე იდგა
და მასთან ერთად იყო 144 000,
რომლებსაც შუბლებზე მისი სახელი
და მისი მამის სახელი ეწერათ.
ისინი თითქოს ახალ სიმღერას მღეროდნენ ტახტის,
ოთხი ცოცხალი არსებისა და უხუცესების წინაშე;
ამ სიმღერის შესწავლა
დედამიწიდან ნაყიდი 144 000-ის გარდა არავის შეეძლო“.
შენიშნეთ, რა იყო ეს მნიშვნელოვანი დეტალი?
ჩვენ გავიგეთ დედამიწიდან ნაყიდი ადამიანების რიცხვი.
144 000
ასე რომ,
რატომ უწოდა მათ იესომ „მცირე სამწყსო“?
მგონი, დიდი გამოცნობა ამას არ სჭირდება.
144 000
შეიძლება შთამბჭდავად ჟღერს,
მაგრამ ნამდვილად არ არის დიდი რიცხვი,
თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს მსოფლიოში
8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ისე, რატომ არის სავსებით ლოგიკური,
რომ იეჰოვამ მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის ადამიანები აირჩია დედამიწიდან,
რომ თავის ძესთან ერთად ემმართველათ?
მოდი ერთ მაგალითზე დავფიქრდეთ.
ეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გაგვიადვილებს.
დღეს დაახლოებით 190 ქვეყანას აქვს წარმომადგენლობითი ორგანო,
მაგალითად, პარლამენტი.
თითოეული თავისივე ქვეყნის მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული.
თუ იცით, რამდენი წარმომადგენელი ეყოლებათ
ამ 190 ქვეყნის პარლამენტებს ერთად აღებული?
დაახლოებით 46 000.
რა საინტერესოა, არა?!
ანუ რა გამოვიდა?
მილიარდობით ადამიანთა წარმომადგენლად
ადამიანთა ასეთი პატარა ჯგუფია არჩეული.
აქედან გამომდინარე,
სავსებით ლოგიკურია, რომ იეჰოვამ
ადამიანთან შედარებით მცირე რაოდენობა აირჩია
ყოველი ენიდან, ხალხიდან და ერიდან,
რათა თავის ძესთან ერთად ემმართველათ.
იმაში კი დარწმუნებული ვართ,
რომ იეჰოვა არჩევანში ნამდვილად არ შეცდება.
ახლა კი, ჩნდება კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა,
რომელიც „მცირე სამწყსოს“ ეხება:
რა კრიტერიუმებით ხდება ამ ადამიანების შერჩევა?
რა განაპირობებს ამას –
სიმდიდრე, გავლენა თუ წარმომავლობა?
ბიბლია ამ კითხვას
ნათლად და გასაგებად პასუხობს.
ვნახოთ, რას ამბობს პავლე მოციქული.
მოვძებნოთ 1 კორინთელების 1:26–29.
„თქვენ ხედავთ, ძმებო, ვის მოგიწოდათ ღმერთმა:
ბევრი არა ხართ ხალხის თვალში ბრძენნი,
ბევრი არა ხართ ძლიერნი და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი,
მაგრამ ღმერთმა ქვეყნიერების თვალში უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად
და ქვეყნიერების თვალში სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად
ღმერთმა ქვეყნიერების თვალში უმნიშვნელონი,
დამცირებულნი და არარსებულნი ამოირჩია,
რათა ბოლო მოეღო არსებულთათვის,
და ვერავის ეამაყა ღვთის წინაშე“.
რას ვიგებთ აქედან?
იეჰოვა ადამიანებს იმის მიხედვით არ ირჩევს,
თუ ვინაა მდიდარი,
გავლენიანი, ან ვინ რა წარმომავლობისაა.
მისთვის სულ სხვა რამაა მნიშვნელოვანი –
ისეთი თვისებები, როგორიცაა თავმდაბლობა,
რწმენა და მომსახურების სურვილი.
ის, რომ „მცირე სამწყსოში“,
ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ადამიანები არიან გაერთიანებულნი,
იეჰოვას სიბრძნეზე და ძალაზე მეტყველებს.
ღმერთი თავის დიდებულ განზრახვას
ასეთი ერთგული, თავმდაბალი და უბრალო ადამიანების მეშვეობით განახორციელებს.
აქედან კი ის ჩანს,
რომ, როგორც 1 პეტრეს 5:5-ში წერია,
ღმერთი თავმდაბლებს წყალობს, ამპარტავნებს კი ეწინააღმდეგება.
შესაბამისად,
თუ გავითვალისწინებთ, რა კრიტერიუმებია იეჰოვასთვის პრიორიტეტული,
შეუძლებელია ამ ჯგუფში ამპარტავანი ადამიანები მოხვდნენ.
დავსვათ შემდეგი კითხვა:
რა სიკეთეს მოუტანს „მცირე სამწყსო“
ყველა იმ ადამიანს,
ვინც დედამიწაზე იცხოვრებს?
გამოცხადების 21:2-ში 144 000 მოხსენიებულია,
როგორც „წმინდა ქალაქი“, „ახალი იერუსალიმი“.
მე-9 მუხლში კი „პატარძალი“, „კრავის ცოლი“.
ვნახოთ 2–4 მუხლები:
„ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი,
ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი
და ქმრისთვის მორთული პატარძალივით გამზადებული.
გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა:
„აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა!
ღმერთი მათთან დამკვიდრდება,
ისინი მისი ხალხი იქნებიან
და თავად ღმერთი იქნება მათთან.
მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან
და აღარ იქნება სიკვდილი,
აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი,
რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.
რა საოცარი მომავალი გველის წინ!
არანაირი მწუხარების ცრემლები.
არანაირი ტკივილი, სიკვდილიც კი აღარ იარსებებს.
ქრისტეს მსხვერპლი „მცირე სამწყსოს“ განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს,
რომ იესოსთან ერთად ადამიანებს შესანიშნავი მომავალი შეუქმნას
და ბედნიერება მიანიჭოს.
წარმოიდგინეთ,
რამხელა სიხარულის მიზეზი იქნება,
რომ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის კვალი სამუდამოდ წაიშლება.
კიდევ რა კურთხევები ელით ადამიანებს?
ისინი გასრულყოფილდებიან
და საბოლოოდ შეურიგდებიან ზეციერ მამას.
და ბოლო,
მეხუთე კითხვაც დავსვათ:
რა ურთიერთდამოკიდებულება აქვთ 144 000-ის წევრებს
და მათ,
ვისაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს?
იოანეს 10:16-ში იესო ამბობს:
„მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა,
ისინიც უნდა მოვიყვანო.
ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო
და ერთი მწყემსი“.
ანუ რას ვიგებთ?
როგორც ამ მუხლიდან გამოჩნდა,
იეჰოვამ ზეციერი და მიწერი იმედის მქონე ადამიანები
ერთ სამწყსოში გააერთიანა.
და ერთი მწყემსი დაუყენა, იესო ქრისტე.
ასე რომ დღეს,
უფლის გახსენების საღამოს ყველა ერთად აღვნიშნავთ
და ერთმანეთს არ გამოვეყოფით.
მართალია, მხოლოდ „მცირე სამწყსოს“ წევრები მიიღებენ სიმბოლოებს,
პურსა და ღვინოს,
მაგრამ ყველაზე მთავარი,
რისი თვითმხილველებიც გავხდებით,
ის ერთობაა,
რომელიც იეჰოვას წყალობით გვაქვს.
ამ ღონისძიებაზე შეიკრიბებიან სხვადასხვა ენისა თუ წარმომავლობის ადამიანები,
როგორც ერთი სამწყსო.
ისინი მადლიერებას გამოხატავენ იმ ყველაფრისთვის,
რაც ჩვენმა დიდებულმა ღმერთმა იეჰოვამ
და მისმა საყვარელმა ძემ იესო ქრისტემ
ჩვენთვის გაიღეს.
კრისტოფერ, გთხოვ, წაიკითხო კომენტარი.
„როცა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა,
მან მოციქულებს ხმიადი გადააწოდა და უთხრა,
რომ ეს მის სხეულს განასახიერებდა.
შემდეგ კი, როცა ღვინო მიაწოდა, აღნიშნა,
რომ ის შეთანხმების სისხლის სიმბოლო იყო.
ახალი შეთანხმება „სულიერ ისრაელთან“ ანუ მათთან დაიდო,
ვინც ღვთის სამეფოში იესოსთან ერთად იმმართველებდა.
გახსენების საღამოს დაწესების დროს იესოს მხედველობაში „მცირე სამწყსო“ ჰყავდა,
რომელიც მასთან ერთად ზეცაში იქნებოდა.
ამ ჯგუფის პირველი წარმომადგენლები ის ერთგული მოციქულები იყვნენ,
რომელიც იესოს იმ მომენტში გვერდით ჰყავდა“.
მადლობა, კრის!
მოდი ახლა ყურადღებით მოვუსმინოთ
გახსენების საღამოსთვის განკუთვნილ ბიბლიურ მონაკვეთებს.
მუხლები შერჩეულია ოთხივე სახარებიდან.
„უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს
იესოსთან მოწაფეები მივიდნენ და ჰკითხეს:
„სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საპასექო ვახშამი?“
მან მიუგო:
„წადით ქალაქში ამა და ამ კაცთან და უთხარით,
მოძღვარმა შემოგითვალა,
მოახლოვდა ჩემთვის დანიშნული დრო
და შენთან აღვნიშნავო პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“.
მოწაფეები იესოს ნათქვამისამებრ მოიქცნენ
და საპასექო სამზადისს შეუდგნენ“.
„უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს,
როცა, წესისამებრ, საპასექო მსხვერპლს სწირავდნენ,
მივიდნენ მასთან მოწაფეები და ჰკითხეს:
„სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საპასექო ვახშამი?“
მაშინ გაგზავნა მან ორი მოწაფე და უთხრა:
„წადით ქალაქში.
‎იქ შეგხვდებათ ერთი კაცი თიხის ჭურჭლით. მას გაჰყევით.
სადაც შევა, იმ სახლის პატრონს უთხარით,
მოძღვარმა შემოგითვალა,
რომელ ოთახში შეიძლება ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო პასექიო.
ის გაჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, გაწყობილსა და გამზადებულს,
და იქ მოგვიმზადეთ.
წავიდნენ მოწაფეები და ქალაქში შევიდნენ;
ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იესომ უთხრა მათ,
და საპასექო სამზადისს შეუდგნენ.
„უფუარობის დღეც დადგა,
როცა საპასექო მსხვერპლი უნდა შეწირულიყო.
გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა:
„წადით და მოგვიმზადეთ საპასექო ვახშამი“.
მათ ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ?“
მან მიუგო:
„ქალაქში რომ შეხვალთ, შემოგხვდებათ კაცი თიხის ჭურჭლით.
შეჰყევით მას იმ სახლში, სადაც შევა,
და სახლის პატრონს უთხარით,
მოძღვარმა შემოგითვალა,
რომელ ოთახში შეიძლება ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო პასექიო.
ის კაცი გაჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, გაწყობილს,
და იქ მოამზადეთ“.
წავიდნენ და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იესომ უთხრა მათ,
და საპასექო სამზადისს შეუდგნენ“.
„იესომ პასექის დღესასწაულამდე იცოდა,
რომ ქვეყნიერების დატოვებისა და მამასთან წასვლის დრო დამდგარიყო,
და რადგან შეიყვარა თავისები,
რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.
ვახშმის დროს ეშმაკს უკვე შთაეგონებინა სიმონის ძისთვის,
იუდა ისკარიოტელისთვის, რომ გაეცა იესო.
ვინაიდან იესომ იცოდა, რომ მამამ ყველაფერი მას გადასცა,
რომ ღვთისგან იყო და ღმერთთან მიდიოდა,
სუფრიდან წამოდგა, მოსასხამი გვერდზე გადადო,
აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.
ტაშტში წყალი ჩაასხა,
დაიწყო მოწაფეებისთვის ფეხების დაბანა
და წელზე შემორტყმული პირსახოცით შემშრალება“.
„ნუ დამწუხრდებით! ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე!
მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია,
ასე რომ არ იყოს, გეტყოდით.
მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ.
როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ,
დავბრუნდები და ჩემთან წაგიყვანთ,
რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვიქნები“.
გთხოვთ ყველას, ვინც ახლა ამ პროგრამას უყურებთ,
არ გამოტოვოთ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება
და მაქსიმალურად შეეცადოთ,
დაესწროთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს.
თუ ამჟამად არააქტიური ხართ
ან აღარ ხართ იეჰოვას მოწმე,
გვინდა, გთხოვოთ,
ყველანაირად შეეცადოთ,
დაესწროთ და მადლიერება გამოხატოთ
იეჰოვასა და იესოს მიერ გამოვლენილი სიყვარულისთვის.
ხელმძღვანელი საბჭოს სახელით მინდა, გითხრათ,
რომ ყველანი ძალიან გვიყვარხართ.
თითოეულს გისურვებთ იეჰოვას სიკეთეს და წყალობას!